Loading data...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება“ და „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ წარადგინა.

მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით სესხის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევაა გათვალისწინებული. რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენილ შეთანხმებებს, მზია გიორგობიანის განმარტებით, სასესხო თანხით მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება.

მომხსენებლის განცხადებით, საუბარია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 12 სკოლაზე, საიდანაც 6 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომლის შედეგადაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მათი ენერგოეფექტურობის სისტემებით უზრუნველყოფა მოხდება.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.