Loading data...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ მოისმინეს. ანგარიში დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

ანგარიში მოიცავს ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს სააგენტომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“ განახორციელა, რომელიც 3 ქვეპროგრამას მოიცავდა: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ და „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა შესახებ. მათ შორის აღინიშნა, რომ 2023 წელს 1 111 დამსაქმებელმა მიმართა სააგენტოს, ხოლო დამსაქმებლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწოდებულ იქნა 11 470 თავისუფალი სამუშაო ადგილი.

მომხსენებლის განცხადებით, ინდივიდუალური კონსულტირების დროს ევროკავშირის პროგრამის „skills4jobs“ ექსპერტების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ხდება სამუშაოს მაძიებლის პროფილირება და მისი დასაქმების შესაძლებლობების შეფასება.

სამუშაოს მაძიებლები მონაწილეობენ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ან სტაჟირებას გადიან სხვადასხვა ორგანიზაციებში. მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. ასევე, ხდება დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირება.

თამარ გაბუნიას თქმით, საშუამავლო მომსახურების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სააგენტოს მიერ გამართული დასაქმების ფორუმები, სადაც ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთ სივრცეში, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაესაუბროს რამდენიმე კანდიდატს.

გასულ წელს ჩატარდა დასაქმების 9 ფორუმი, სადაც მონაწილეობა 250-ზე მეტმა დამსაქმებელმა და 800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად დასაქმებულია 819 პირი.

მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების მიზნით. მათ შორის მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა პოტენციურ დამსაქმებელსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაცია იყოს უფრო მარტივი და სწრაფი.

კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.