არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას
„ჩვენი საზოგადოება წლებია, აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ ბერიძემ ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უსამართლო ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების მსხვერპლია.
„ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება. მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს ევრობიუროკრატია. ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი.
„დღეს, ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ეს მიდგომები გარედან არის ნაკარნახევი და გარკვეულწილად „დატრენინგებულიც“, მაგრამ ეს რადიკალურ ძალებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება, ოპოზიციის მხრიდან პანიკური თავდასხმის საგანი ხდება.
„ამას, ლოგიკური ახსნაც მოეძებნება, რადგან ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის მიერ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი მათ სასოწარკვეთილ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სამართლიან, წესებსა და საერთო სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც ყველა პატიოსან სუბიექტს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, აძლევს საშუალებას საკუთარი პრინციპების დაცვით შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. მათ კი, ვინც ორმაგი სტანდარტით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები, ან შეეგუონ მათთვის ქართველი ხალხის მხრიდან გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.