Loading data...
ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ.

მხარეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებიდან კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესი.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი არ სურდა. ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გავაცანით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე ძალადობით, როგორ თქვეს უარი საჯარო დისკუსიაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც გაკეთდა შეთავაზება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გაგვემართა დისკუსია, როგორ ითქვა უარი ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პრემიერთან დისკუსიის და ის, რომ პრეზიდენტმა არავითარი ალტერნატიული ვერსია არ წარმოადგინა. თუ მას არ მოსწონდა ეს საკითხი, თუ ეს გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა, მაშინ რატომ არ წარმოგვიდგინეს ამერიკული მოდელი, თუნდაც უფრო შემსუბუქებული, რატომ არ წარმოგვიდგენს ფრანგული მოდელი, ისრაელის მოდელი, ან ევროკავშირში დაინიცირებული დირექტივის მოდელი. თუ მათ მიაჩნდათ, რომ ეს იყო გამოუსწორებელი პროექტი და ვეღარ გაასწორებდნენ, მათ ჰქონდათ უფლება ზუსტად ერთ-ერთში ნათარგმნი, გარკვეული მოდიფიკაციით და მორგებული ჩვენს რეალობასთან, წარმოედგინათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს არ სურს, რომ „ენჯეოების“ საქმიანობა ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე, სხვა ახსნა არ აქვს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.