Loading data...
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე იმსჯელა, კერძოდ, „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

საკითხი კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, სასესხო შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მლნ 740 ათასი ევრო. მისი ხანგრძლივობა 23 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდით 14 წელი. სესხის დახურვის თარიღად განსაზღვრული იყო 2025 წლის 30 ივნისი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის მიზანია წყალმომარაგების რეაბილიტაცია თელავში, კომპანიის საქმიანობის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და მოწყობილობების გაუმჯობესება და სხვა აქტივობა. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მეშვეობით.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად წარმართვისათვის დამატებითი დრო ესაჭიროება, კერძოდ, სასესხო შეთანხმების ვადის კიდევ ორი წლით გადავადება, რის თაობაზეც სასესხო შეთანხმებაში მიმდინარე წლის 28 თებერვალს ცვლილება შევიდა.

ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღად 2025 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2027 წლის 30 ივნისი და პროექტის დასრულების თარიღად 2024 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2026 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.