აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
მომხსენებელმა გასული წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ბიუჯეტის შესრულების ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გასულ წელს ბიუჯეტი 5.2%-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, პროგნოზები შეიცვალა და ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ ეკონომიკურ ზრდაში კერძო და საგარეო სექტორის როლზე ისაუბრა.
„საგარეო სექტორს ეკონომიკურ ზრდაში საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა. გასულ წელს ვაჭრობამ 23 მილიარდ 485 მილიონ დოლარამდე შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი ჯამში 8,3% იყო. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება საგარეო სექტორის მეორე მიმართულებას - ტურიზმს, გასულ წელს ზრდა გვქონდა როგორც ვიზიტორებში, ასევე ფულის შემოდინებაში. გასულ წელს საქართველოს 6 მილიონ 456 ათასი ვიზიტორი ეწვია. უშუალოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი მივიღეთ შემოსავალი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ფულადი გზავნილებიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავლებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს გაერთიანებული სამეფო, მალტა და ნიდერლანდები წარმოადგენს.
გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებული ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც უშუალოდ აგრარულ საკითხებს და სოფლის მეურნეობის მიმართულებას უკავშირდება.
„აგრარული პროგრამების მიმართულებით შესრულება მაღალი იყო. ყველა დაგეგმილი პროექტი სრულად დაფინანსდა და არსად რაიმე შეფერხება არ გვქონია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მან 2025 წლის ეკონომიკურ დინამიკაზე და მომდევნო 4 წლის ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის სამინისტრო პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტს წარუდგენს.
სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.