ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, თავისი მანდატის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისა და შრომითი უფლებების ზედამხედველობას ახორციელებს ყველა იმ სფეროში, სადაც ეკონომიკური საქმიანობით არიან დაკავებული.
თუმცა, არსებობს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც შრომითი უფლებების დარღვევის საფრთხეები არსებობს.
ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებებია არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვა, დისკრიმინაცია და მისი ზედამხედველობა, შრომითი მიგრაცია, იძულებითი შრომის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება.
მისივე თქმით, სამსახურმა საანგარიშო პერიოდში 1901 ობიექტი შეამოწმა. მათ შორის, 1249 ობიექტში გეგმური, 652 ობიექტში - არაგეგმური შემოწმებები ჩატარდა.
გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ სამსახურმა საქმიანობის შეჩერება, გაფრთხილება და ჯარიმა გამოიყენა.
მთავარი შრომის ინსპექტორის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე შრომითი უფლებების დარღვევების, ინციდენტებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც როგორც სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, ასევე, ზოგადად, ორგანიზაციებსა და საწარმოებში ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა სამსახურის უფროსს და ყველა შრომის ინსპექტორს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შრომითი უფლებების დაცვა და მათი ზედამხედველობა, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების განხორციელება - პრიორიტეტული მიმართულებებია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, რადგან სწორედ ადამიანის უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული თქვენი სამსახურის საქმიანობა. ფაქტია, რომ შრომის ინსპექციის სამსახური, წლიდან წლამდე, თითოეული მიმართულებით ეფექტურად საქმიანობს და ეს ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.