Loading data...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, გასული წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდით. წლის ბოლოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

მისივე თქმით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 104 598.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 12.4%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, 2025 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაციამ - 3.9%.

საგარეო სექტორზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 863.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს 6 856.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6.2%-ით მეტია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 521.9 ათასს შეადგენს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 690.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 688.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

შარშან ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 28 468 376.0 ათასი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ - 100.8%, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 99.2% შეადგინა, რაც 27 723 319.2 ათასი ლარია.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სხვადასხვა უწყების საკასო შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 101%, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 100.3%, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები - 100%, იუსტიციის სამინისტრო - 99.3%, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებები - 99.2%, უზენაესი სასამართლო - 95.6%, საერთო სასამართლოები - 95%-მდე, სახალხო დამცველის აპარატი - 91%-მდე.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

მისი განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2026 წელს: რეალური ეკონომიკური ზრდა 6.3% იქნება; ინფლაციის მაჩვენებელი - 4.9%-ის ფარგლებში, მომავალ წელს კი მის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს დაუბრუნდება; რეალური ეკონომიკური ზრდა - 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.