ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელ მარტს გაუქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციურ საწყისებში დაბრუნებას უზრუნველყოფს ისევე, როგორც ეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართებით მოხდა, როდესაც მისი უფლებამოსილებები კონსტიტუციურ ორგანოს - პროკურატურას გადაეცა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 32 კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.