ზვავის ჩამოწოლის შედეგად ნეპალში 7 ალპინისტი დაიღუპა
სულ მცირე 7 ალპინისტი დაიღუპა ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაღუპულთა შორის 5 უცხოელი და ნეპალის 2 მოქალაქეა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ინციდენტი ჰიმალაის ერთ-ერთ მწვერვალზე, ნეპალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
მაშველებმა მხოლოდ ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ხუთი ცხედარი, სავარაუდოდ, თოვლის ქვეშ არის ჩამარხული. მაშველებმა 8 ადამიანი გადაარჩინეს და ისინი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Seven Summit Treks-ის ხელმძღვანელის, მინმა შერპას თქმით, თოვლის საფარი დაღუპულთა ცხედრების თავზე შეიძლება 3-5 მეტრი იყოს, შესაბამისად მათ მოძიებას „საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება“.
Kathmandu Post-ის ცნობით, ალპინისტთა ჯგუფი დოლმა კხანგის მწვერვალზე ასვლისთვის ემზადებოდა, რომლის სიმაღლე 6 332 მეტრია.
პარალელურად ამ რაიონში ორი იტალიელი ალპინისტის, სტეფანო ფარნატოს და ალესანდრო კაპუტოს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც გასულ კვირას პამბარის მწვერვალზე ასვლის მცდელობის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ევერესტის მახლობლად 580 ტურისტი 4 900 მეტრის სიმაღლეზე გაიჭედა. ძლიერმა თოვამ მათ უკან მიმავალი გზა ჩაუხერგა. ალპინისტების ევაკუაცია ჩინელმა მაშველებმა განახორციელეს.