ზოჰრან მამდანი თეთრი სახლიდან დაკავშირების და დონალდ ტრამპთან გასაუბრების მოლოდინშია
„თეთრი სახლიდან ჯერჯერობით არ დამკავშირებიან, თუმცა დაინტერესებული ვარ დონალდ ტრამპთან საუბრით“, - ამის შესახებ ნიუ იორკის ახლად არჩეულმა მერმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.
მამდანის თქმით, მისი გამარჯვება დონალდ ტრამპისთვის გაკვეთილია.
როგორც მამდანიმ აღნიშნა, თეთრი სახლიდან მისთვის გამარჯვება არ მიულოცავთ, თუმცა ღიაა დონალდ ტრამპთან სასაუბროდ.
„მოუთმენლად ველოდები ამ საუბრებს. თუ ოდესმე იქნება რამე საკითხზე სასაუბრო, რაც ამ ქალაქის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება, მე მზად ვარ, ნებისმიერთან ვისაუბრო ამის შესახებ. გუშინ ღამით ჩვენ ისტორია დავწერეთ. ძალიან ვამაყობ, რომ დღეს აქ ვდგავარ, როგორც მსოფლიოს უდიდესი ქალაქის არჩეული მერი. ეს ჩვენი ქალაქისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება – ისეთის, რომელშიც ყველანი ჩართულები ვიქნებით“, – განაცხადა მამდანიმ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მამდანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ე.წ. შათდაუნზე.
ცნობისთვის, ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ის პირველი მუსლიმი და წარმოშობით უგანდელი მერია, რომელიც მეგაპოლისს ჩაუდგება სათავეში. ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის თანამდებობას პირველ იანვარს დაიკავებს.