ჟიტომირთან ახლოს, გზატკეცილზე აფეთქებები მოხდა - ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

ჟიტომირთან ახლოს, გზატკეცილზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ჟიტომირის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ თავის Telegram არხზე განაცხადა.
„ჟიტომირთან ახლოს, სოფელ ბერეზინაში, M-06 საერთაშორისო მაგისტრალზე ორი აფეთქება მოხდა. სამწუხაროდ, უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ორი ადამიანი დაიღუპა. 15 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აფეთქებების შედეგად კერძო სახლები დაზიანდა.
მისივე თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული, ყველა სამსახური მუშაობს და დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ.
„საერთაშორისო მაგისტრალზე მინიმალური მოძრაობა უზრუნველყოფილია“, - განაცხადა ბუნეჩკომ და მოუწოდა მათ, ვინც დღეს ამ მაგისტრალით სარგებლობას გეგმავდა, თავი შეიკავონ ჟიტომირის გვერდით გავლისგან დღის ბოლომდე, სანამ ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.
ჟიტომირის საქალაქო საბჭოს ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ „კიევისკენ მიმავალ გზატკეცილზე, წრიული გზის მიღმა, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა“.
„ინციდენტის მიზეზები დგინდება. ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური დაუყოვნებლივ გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე“, - ნათქვამია განცხადებაში.