Loading data...
ზელენსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობა სსრკ-ის წინააღმდეგ გერმანიის ომს გაუტოლდა: ომის ყოველი დღე იმის შეხსენებაა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია, დაიცვას თავი შეშლილებისგან

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 1418 დღეა, გრძელდება - ზუსტად იმდენივე ხანი, რამდენსაც ნაცისტური გერმანიის ომი გაგრძელდა სსრკ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა

„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 1418-ე დღეა. მათ სურდათ, გაემეორებინათ - და გაიმეორეს კიდეც - ხალხის დამცირება, მათ გაიმეორეს ფაშიზმი, მათ გაიმეორეს თითქმის ყველაფერი ყველაზე უარესი, რაც კი მე-20 საუკუნეში მომხდარა. დამატებით „შექმნეს“ ომი „შაჰედებით“ და ბალისტიკური რაკეტებით ელექტროსადგურებისა და სათბურების წინააღმდეგ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი იმავე ტერიტორიებზე მიმდინარეობს, როგორც 80 წლის წინ - დონბასში, სლობოჟანშჩინასა და ზაპოროჟიეში. თუმცა ამჯერად დამპყრობლების წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინა იბრძვის და არა მთელი ანტიჰიტლერული კოალიცია.

„ეს ბევრ რამეს ამბობს პუტინის მიერ აშენებულ სისტემაზე და პირადად მასზე. რუსების დანაკარგები ამჟამად ყოველდღიურად სულ მცირე 1000 ადამიანს შეადგენს — ეს დეკემბრიდან მოყოლებული ასეა — და რუსეთი, ფაქტობრივად, იხდის იმისთვის, რომ ომი არ დასრულდეს. ეს სიგიჟეა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ რუსული სიგიჟის“ შეჩერება მხოლოდ უკრაინის ყველა პარტნიორის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„ომის ყოველი დღე იმის შეხსენებაა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია, დაიცვას თავი შეშლილებისგან. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი“, - დასძინა მან.