ზელენსკის თქმით, მოკავშირეებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების მინიჭების შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე ასობით დარტყმა განახორციელა, გამოიყენა თითქმის 700 საჰაერო ბომბი და 600-ზე მეტი მოიერიშე დრონი. მან ხაზი გაუსვა პარტნიორების მიერ უკვე არსებული შეთანხმებების განხორციელების მნიშვნელობას.
„ვაშინგტონში ნატოს სამიტის გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესაუბრა პარტნიორებს, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მინიჭების შესაძლებლობის შესახებ.
„ამაში შეუძლებელი არაფერია და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს საერთო უნარს უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად. ეს არის ზუსტად ისეთი ძალა, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რუსეთი არ წყვეტს თავის ომებს სურვილისამებრ - მისი მხოლოდ მშვიდობისკენ იძულებაა შესაძლებელი და ასეთი იძულების ნაწილი უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის საკმარისი რაოდენობა და ხარისხი“, - დაასკვნა მან.