ზელენსკის თქმით, მას და ტრამპს საქმიანი, მაგრამ რთული ურთიერთობა აქვთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისი მეგობარი უწოდოს და აღნიშნა, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა აქვთ. სახელმწიფოს მეთაურმა ეს განცხადება ფრანგულ რადიოსადგურ France Inter-თან ინტერვიუში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მსოფლიო ლიდერებს შორის ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს. უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ მათ უკრაინისთვის რთულ პერიოდში მრავალწლიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა აკავშირებთ.
„ის ჩემი მეგობარია, რადგან ამას ერთად გავდივართ. ჩვენ პრობლემებს ვწყვეტთ და ერთმანეთს რთულ დროს ვეხმარებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ არჩევის შემდეგ მისი პირველი უცხოური ვიზიტი საფრანგეთში გაიმართა და ლიდერებს შორის მჭიდრო პირადმა კონტაქტებმა ორი ქვეყნის დაახლოებას ხელი შეუწყო.
ტრამპთან ურთიერთობაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის „ცოტა უფრო რთულია“.
„შესაძლოა, იმიტომ, რომ ასაკით უფროსია. შესაძლოა, იმიტომ, რომ სურს, შვილივით მომეპყროს და მოელის, რომ მეც მამასავით მოვეპყრობი. მაგრამ მას უკვე ჰყავს შვილები და მეც - მშობლები“, - ხუმრობით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ის, სავარაუდოდ, ტრამპის „ყველაზე საყვარელი შვილი“ არ იქნებოდა. ამის მიუხედავად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერს მასთან ურთიერთობა სიამოვნებს მაშინაც კი, თუ მისი ზოგიერთი ქმედება შეიძლება არ მოსწონდეს.
„მაგრამ მე ვარ პრეზიდენტი, მე ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს“, - ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.