ზელენსკის თქმით, მან ტრამპი გააფრთხილა, რომ პუტინი ომის დასრულების სურვილთან დაკავშირებით ცრუობს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრამდე გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერი ცრუობს ომის დასრულების სურვილთან დაკავშირებით. ზელენსკის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.
„მე ვუთხარი აშშ-ის პრეზიდენტს და ჩვენს ყველა ევროპელ კოლეგას, რომ პუტინი ცრუობს. ის ცდილობს, ალასკაში შეხვედრამდე უკრაინის ფრონტის ყველა მონაკვეთზე ზეწოლა განახორციელოს. რუსეთი ცდილობს, აჩვენოს, რომ მას შეუძლია მთელი უკრაინის ოკუპაცია“, - განაცხადა მან ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ზელენსკიმ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ალასკაში მოლაპარაკებების მთავარი თემა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, დასძინა, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დროს უნდა განიხილებოდეს.
„რაც შეეხება ჩვენს პრინციპებსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ლიდერების დონეზე წყდება. უკრაინის გარეშე ამის გადაწყვეტა შეუძლებელია. სხვათა შორის, ამას ყველა მხარს უჭერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.