Loading data...
ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

„უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იურჩენკოს სისხლის სამართლის საქმე 2020 წლიდან იხილებოდა. იურჩენკო, რომელიც იმ დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრი იყო, 2020 წელს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ქრთამის მოთხოვნაში დაადანაშაულა.

ეს ზელენსკის მოკავშირეების წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი გახმაურებული კორუფციული გამოძიება იყო. საქმე ზელენსკისა და მისი პარტიის მიერ 2019 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაიწყო.

სასამართლომ იურჩენკო ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო. ცხრაწლიანი პატიმრობის გარდა, მას ქონების კონფისკაცია და სამი წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობების დაკავების აკრძალვა შეეფარდა.

იურჩენკოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. განაჩენი ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.

დეპუტატი 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, იურჩენკო შუამავლის მეშვეობით NABU-ს ფარული აგენტისგან ქრთამს ითხოვდა.

კერძოდ, გამოძიების თანახმად, დეპუტატმა 13 000 დოლარი მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების სანაცვლოდ, ხოლო კიდევ 200 000 დოლარი - სხვა დეპუტატების მოსასყიდად.

2020 წლის სკანდალის შემდეგ იურჩენკო ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს. მაშინ პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ თითოეულმა თანამდებობის პირმა უნდა იცოდეს: „თუ ქრთამი აიღე, ციხეში წახვალ“.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, თავდაპირველად უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ იურჩენკოსთვის ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წაყენება დაბლოკა, თუმცა საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.