ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატის და უკრაინაში ომის გამართლების მუხლით. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მენდელი ავრცელებდა საინფორმაციო ნარატივებს, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედიოდა და მიზნად ისახავდა უკრაინის დისკრედიტაციას და მისი საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას. კერძოდ, ამერიკელი ჟურნალისტისთვის, ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში მენდელმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, რომ „უკრაინა გაქრობის ზღვარზეა“ და რომ „მისი ერი დეგრადაციას განიცდის“. ასევე უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს სოციალურ ქსელებში მენდელის პუბლიკაციები მოჰყავთ, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ხოლო „უკრაინის ხელისუფლება ომის გაგრძელებიდან სარგებელს იღებს“.
„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ მისი გამონათქვამები საინფორმაციო სფეროში ნაციონალური უსაფრთხოების საფუძვლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს“, - განაცხადეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მენდელის მიერ მასალების გამოქვეყნებას საერთაშორისო აუდიტორიაში უკრაინაზე უნდა შეექმნა წარმოდგენა, როგორც ქვეყანაზე, რომელიც დახმარებას არ იმსახურებს, ხოლო მისი ხელისუფლება მშვიდობის მიღწევას ეწინააღმდეგება.
ბრალის წაყენების შემდეგ თავად მენდელმა დაწერა, რომ ეს მისი განცხადებების სიმართლეს ადასტურებს და რომ ზელენსკის გარემოცვაში მართლა არის სერიოზული კორუფცია, არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა ხორციელდება.
იულია მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისამდე იკავებდა. 2026 წელს ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში მენდელმა განაცხადა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ზელენსკიმ პირადად უარი თქვა დონბასზე. ასევე მენდელი უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს უწოდებდა.