ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა შესაძლოა, 1-ელ თებერვალს გაიმართოს
უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა, კვირას, 1-ელ თებერვალს, გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციამ პირველი სამმხრივი შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ სრული ანგარიში წარადგინა.
„დიდი ხნის შემდეგ ისევ შედგა ფორმატი ამერიკელებთან და რუსებთან ერთად. ჩვენ მოვახერხეთ უფრო სამხედრო ხასიათის სხვადასხვა საკითხის განხილვა - ომის დასრულების ნაბიჯებთან, რეალურ კონტროლთან და მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხების“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ არსებობს კითხვები, რომლებიც შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მომზადდეს.
„ადრე განვიხილეთ, რომ გუნდები კვირას [1-ელ თებერვალს] კვლავ შეხვდებოდნენ. კარგი იქნება, თუ შევძლებთ ამ შეხვედრის დაჩქარებას. უკრაინა მაქსიმალურად მომზადებული იქნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განხილვასა და შეთანხმებას საჭიროებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის მხარეს და ამ ომის გაგრძელების ერთადერთი მიზეზი რუსეთია.
„ჩვენ დიპლომატიიდან რეალური შედეგები გვჭირდება. იმისთვის, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსები მოლაპარაკებების პროცესს ძალიან ცინიკური, დაუნდობელი მიზნებისთვის იყენებენ - რუსეთზე ზეწოლის ახალი ზომების გადადების მიზნით, რომლებმაც შეიძლება იმუშაოს. ზეწოლა კი აუცილებელია“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.