ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერორზე აშშ-სა და ევროპას რეაგირებას ელის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით კიევი თავის მოკავშირეებს ინფორმაციას აწვდის და მოლოდინი აქვს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შესაბამისი რეაგირება ექნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30-მდე ადამიანი დაშავდა.
„კვირის განმავლობაში უკრაინის რეგიონების უმეტესობა თავდასხმის ქვეშ იყო. რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 1310 მართვადი საჰაერო ბომბი, 1000-ზე მეტი დრონი და მათ შორის ბალისტიკური რაკეტა.
რუსეთი აჭიანურებს ომს და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ვაწვდით ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დარტყმებს ახორციელებს და რისთვის ემზადება რუსული არმია. ჩვენ ველით რეაგირებას შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.