ზელენსკის განცხადებით, ტრამპის უარის შემდეგ, უკრაინა „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებას აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებს, ასევე, აქვთ შორი მოქმედების იარაღი, მათ შორის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები.
როგორც ზელენსკიმ ევროპის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინამ უკვე დაიწყო ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებები.
„ჩვენი ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის არ უნდა იყოს, თუმცა ეს მთავარი მიზანია. ჩვენ ასევე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოლიტიკა ისე, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის დესტრუქციული ტაქტიკის გავრცელება ან განმეორება ევროპაში თუ სხვაგან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ შორი მოქმედების იარაღზე, მაგალითად, უკრაინისთვის, ვგულისხმობთ, რომ პუტინის რეჟიმმა უნდა იგრძნოს ამ ომის რეალური შედეგები“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რაც უკრაინას ასეთი შესაძლებლობების მოპოვებაში დაეხმარება, რადგან „ეს მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთზე“.
„შორი მოქმედების იარაღი მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს, მათ შორის „ტომაჰავკები“. ჩვენ უკვე ვესაუბრებით ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.