ზელენსკის განცხადებით, ტრამპი ყველა რაკეტას ირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, უკრაინა კი, შესაძლოა, პუტინის პირისპირ შეიარაღების გარეშე დარჩეს
„შეერთებული შტატების ომმა ირანთან, შესაძლოა, უკრაინა ვლადიმერ პუტინის წინაშე დაუცველი დატოვოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება, რაც პირდაპირ მოქმედებს უკრაინის ძალისხმევაზე, თავი დაიცვას რუსეთისგან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო დაცვის რაკეტების დეფიციტი შეექმნას, რადგან აშშ და მისი მოკავშირეები ასობით ასეთ რაკეტას ირანული დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ.
„ახლა ყურადღების კონცენტრირება მოხდება ახლო აღმოსავლეთზე, ირანის ომზე, შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე. ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, [უკრაინის] საჰაერო თავდაცვა შეიძლება შემცირდეს“, - აცხადებს ზელენსკი.