ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების წინადადებები შესაძლოა, რამდენიმე დღეში დასრულდეს, რის შემდეგაც ამერიკელები მათ კრემლს წარუდგენენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების წინადადებები შესაძლოა, რამდენიმე დღეში დასრულდეს, რის შემდეგაც ამერიკელი წარმომადგენლები მათ კრემლს წარუდგენენ.
ზელენსკის თქმით, ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-სთან განხილული სამშვიდობო გეგმის პროექტი „ძალიან პრაქტიკულია“. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ძირითადი საკითხი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კვლავ გადაუჭრელი რჩება.
როგორც Associated Press-ი წერს, აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევა იმპულსს იძენს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, არ დაეთანხმოს ვაშინგტონის, კიევისა და დასავლეთ ევროპის მიერ წამოყენებულ გარკვეულ წინადადებებს, განსაკუთრებით უკრაინისთვის ომის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს.
„ამერიკელები ცდილობენ კომპრომისის პოვნას. ისინი (დონბასში) „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას გვთავაზობენ. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ არ ნიშნავს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ ყოფნას“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდებში ვიზიტამდე.
მან დასძინა, რომ თუ პუტინი წინადადებებს უარყოფს, კიევი მოსკოვზე დასავლეთის ზეწოლის გაძლიერებას და უკრაინისთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას ელის.