Loading data...
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული „დრუჟბას“ მილსადენის შეკეთება გაზაფხულზე დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული „დრუჟბას“ მილსადენის შეკეთება გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეაკეთებს ნავთობსადენს ევროკომისიასთან შესაბამისი შეთანხმებების შესრულებით. მარტში ევროკავშირმა კიევს ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერა შესთავაზა „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდების განახლებისთვის.

„თუ ნავთობის მიწოდების შესაძლებლობის სანაცვლოდ ევროპული დაფინანსების საკითხი გაგრძელდება, მაშინ ჩვენ უკვე ვთქვით, როდის შევაკეთებთ „დრუჟბას“ მილსადენს. ევროპელები კი პასუხისმგებელნი იქნებიან მომარაგებაზე. ჩვენ შევაკეთებთ, რადგან ასეთია შეთანხმება. მე ვუთხარი მათ, რომ ამ გაზაფხულზე დავასრულებთ. იქ ბევრი რამ უკვე გაკეთდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ვერ იქნება პასუხისმგებელი ტრანზიტის უსაფრთხოებაზე, თუ რუსეთი მილსადენის ობიექტებზე ახალ დარტყმებს განახორციელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ განადგურებული ავზების სწრაფად შეკეთება შეუძლებელია.

უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მეზობელი ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ ერევა.