Loading data...
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ახალი მასშტაბური იერიშისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მასშტაბური კომბინირებული თავდასხმების გამო უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერა. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 

„დაზვერვის ცნობით, რუსები ენერგეტიკის სექტორზე შემდგომი მასიური დარტყმებისთვის ემზადებიან. საჰაერო თავდაცვა სათანადოდ უნდა იყოს კონფიგურირებული. რუსული თავდასხმები, ასე ვთქვათ, მუდმივად „ვითარდება“. ბოროტებაც ვითარდება. სამწუხაროდ, ეს არის კომბინირებული დარტყმები, რომლებიც პარტნიორების განსაკუთრებულ დაცვას და შესაბამის მხარდაჭერას მოითხოვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შეფერხება გაზრდის რუსების დარტყმებით მიყენებულ ზიანს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერი, რაც მიუნხენში ჩვენს პარტნიორებთან განვიხილეთ, დროულად განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი აზრი გამოთქვან“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.