Loading data...
ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 650-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 650-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმას ახორციელებს და ძირითად სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული სექტორი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, მსოფლიო საკმარის ზეწოლას არ ახდენს რუსეთზე.

„რუსეთის ეს დარტყმა რუსეთის პრიორიტეტების შესახებ უკიდურესად მკაფიო სიგნალს აგზავნის. თავდასხმა შობის წინ, როდესაც ადამიანებს უბრალოდ სურთ თავიანთ ოჯახებთან, სახლში და უსაფრთხოდ ყოფნა. თავდასხმა, რომელიც არსებითად განხორციელდა მოლაპარაკებების შუაგულში, რომლის მიზანი ამ ომის დასრულებაა. პუტინს ჯერ კიდევ არ შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ უნდა შეწყვიტოს მკვლელობები. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო საკმარის ზეწოლას არ ახდენს რუსეთზე. ახლა პასუხის დროა“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ინფორმაციისთვის, გასულ ღამეს რუსებმა ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ კომბინირებული შეტევა განახორციელეს.