Loading data...
ზელენსკის განცხადებით, დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხების გამო უკრაინა დიდ ზარალს განიცდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები ბრძოლის ველზე დიდ ზარალს განიცდიან, რადგან დასავლური იარაღი მათ ძალიან ნელი ტემპით და შეფერხებით მიეწოდებათ. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა. 

ზელენსკის თქმით, რუსეთი იპყრობს ადგილს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში, მათ შორის პოკროვსკის გარშემო. 

ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძალიან მძიმე ვითარებაა და უკრაინის ბრიგადების ნახევარი სათანადოდ არ არის აღჭურვილი. 

„ჩვენ ვკარგავთ ბევრ ადამიანს, რადგან ისინი არ არიან აღჭურვილნი, მათ არ შეუძლიათ საარტილერიო სროლები“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მიერ შეპირებული დახმარების პაკეტი უკრაინამდე შეფერხებით მოდის. 

„ჩვენ გვჭირდება 14 ბრიგადა, რომ მზად ვიყოთ. ამ პაკეტებიდან ოთხიც არ მოსულა“, - თქვა ზელენსკიმ. 

ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს. 

„ზელენსკი ამ თვეში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს, ის ომის დასრულების გეგმას წარადგენს. მთავარი ელემენტებია უსაფრთხოება და დიპლომატიური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, განაცხადა ჯეიკ სალივანმა.