Loading data...
ზელენსკის განაცხადებით, უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შეიტანოს, ხალხმა კი თავისი აზრი რეფერენდუმზე უნდა გამოხატოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თეორიულად უკრაინაში არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, თუ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდება.

„ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ერთ კითხვას უნდა უპასუხონ: რა სურთ მათ? სურთ ნამდვილი არჩევნები, თუ უბრალოდ ჩემი შეცვლა? ვფიქრობ, რუსებს უბრალოდ ჩემი შეცვლა სურთ. და ამის გაკეთების ცივილიზებული გზა არსებობს - არჩევნები. მაგრამ ადამიანებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია - მათ თავად უნდა აირჩიონ, ვისთან ერთად იცხოვრონ“, - განაცხადა მან ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეძლებდა, ის არ დაბლოკავდა აშშ-ის გარკვეულ წინადადებებს არჩევნების ჩატარების შესახებ.

„თუ არჩევნების ჩასატარებლად ორთვიან ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტს ვესაუბრო და დავარწმუნო, რომ ისინი არ უჭერენ მხარს — და ხალხიც კი არ უჭერს მხარს — ომის დროს არჩევნების ჩატარებას. მაშინაც კი, თუ ორთვიან ზავს მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა“, - განმარტა მან.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისათვის ხალხმა თავისი აზრი უნდა გამოხატოს მშვიდობის შესახებ რეფერენდუმზე, ხოლო პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა უნდა შეცვალოს.