Loading data...
ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გენერალური შტაბის უფროსების შეხვედრა დააანონსა

5 იანვარს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 3 იანვარს კიევში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა გაიმართება, რაც უკრაინაში მშვიდობის საკითხებზე პირველი ასეთი შეხვედრა იქნება. ევროპელმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს მონაწილეობა, ხოლო აშშ-ის გუნდი შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრება. 

„15 ქვეყანამ დაადასტურა, პლუს ევროპული სტრუქტურებისა და ნატოს წარმომადგენლები. შემდეგ, 5 იანვარს, გაიმართება სამხედრო შეხვედრა, გენერალური შტაბების უფროსები შეიკრიბებიან. მთავარი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ „პოლიტიკურად თითქმის ყველაფერი მზად არის“ და ახლა მნიშვნელოვანია „ყველა დეტალის შემუშავება - როგორ იმუშავებს გარანტიები ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე“, თუ ომის დასრულება შესაძლებელი იქნება.

ზელენსკიმ დასძინა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა საფრანგეთში 6 იანვარს გაიმართება.

„ჩვენ ახლა ვემზადებით იმისთვის, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყოს, მეტი მხარდაჭერა იყოს და გარანტიებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიმართ მეტი პოლიტიკური ნდობა იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.