Loading data...
ზელენსკიმ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ონუფრის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალების საფუძველზე, ორესტ ბერეზოვსკის, რომელიც ცნობილია, როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) მიტროპოლიტი ონუფრი, უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა. ამის შესახებ UNIAN-ი წერს. 

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ონუფრიმ ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა 2002 წელს. მან ამის შესახებ უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს არ აცნობა. ამავდროულად, ამის შემდეგ ბერეზოვსკი კვლავ სარგებლობდა უკრაინის მოქალაქის სტატუსით.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ბერეზოვსკი (ონუფრი) ინარჩუნებს კონტაქტს მოსკოვის საპატრიარქოსთან და განზრახ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან, რომლის წარმომადგენლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, ონუფრი, „ფაქტობრივად, აგრძელებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის, კერძოდ, პატრიარქ კირილის (გუნდიაევი) პოლიტიკის მხარდაჭერას“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაიხსენა, რომ სწორედ გუნდიაევმა „აკურთხა რუსული ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს პროპაგანდისტულ პოლიტიკას, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გამართლებასა და წაქეზებას ისახავს მიზნად“.

„ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერით, ის ხელს უწყობს აგრესორი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დანაშაულებრივ საქმიანობას“, - დასძინა დეპარტამენტმა.

ამავდროულად, UNIAN-ის წყაროების ცნობით, ინტერნეტში ონუფრის რუსული პასპორტის ფოტო გამოქვეყნდა. „პასპორტი „მოქმედია“ - ის დაწერილია გარკვევით და ცალსახად“, - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ.