Loading data...
ზელენსკიმ შმიგალი უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

დენის შმიგალი, რომელიც ჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

„მე შევხვდი დენის შმიგალს. თავდაცვის სამინისტროში მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე. ის თავდაცვის სამინისტროში სისტემურად მოქმედებდა. სწორედ ასეთი სისტემურობა არის საჭირო ახლა ჩვენს ენერგეტიკაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ყოველივე დარტყმის შემდეგ უკრაინაში ზარალის ოპერატიულად აღმოფხვრა ხდებოდეს და უკრაინის ენერგეტიკული განვითარება იყოს სტაბილური და მომხმარებლების მოთხოვნილებას შეესაბამებოდეს.

ზელენსკის საკადრო ცვლილებების შესახებ 2 და 3 იანვარს გახდა ცნობილი, კერძოდ კირილ ბუდანოვი პრეზიდენტის ოფისი უფროსად, ანდრეი ერმაკის ნაცვლად დაინიშნა, ოლეგ ივაშენკო კი სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი ვიცე-პრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხეილ ფიოდოროვი თავდაცვის მინისტრი გახდება.

„რბკ უკრაინის“ ცნობით, ზელენსკი ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის თანამდებობიდან მოხსნის და სხვა თანამდებობაზე მისი გადაყვანის საკითხსაც განიხილავს.