Loading data...
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხელი მოაწერა. ახალი ეკონომიკური შეზღუდვების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკა და ელექტრონიკაა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს. 

„ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორული სანქციების სინქრონიზაციას უკრაინის იურისდიქციის ფარგლებში და დღეიდან უკრაინაში ძალაში შედის ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ახალი პაკეტი კონკრეტულად რუსული რესურსების ექსპორტსა და ელექტრონული კომპონენტების რუსეთისთვის მიწოდების სქემებს ეხება, მე-19 პაკეტის საერთო გავლენა რუსეთის შემოსავლების შეზღუდვაზე კი წელიწადში მინიმუმ ათობით მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

„ჩვენ ასევე ვიყენებთ ახალ სანქციებს რუსული სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ არქტიკაში რესურსების მოპოვებაზე და ამ გზით აფინანსებენ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენს სანქციებს ჩვენი პარტნიორები მიჰყვებიან, რომლებიც ჩვენს წინადადებებს თავიანთ სანქციების პაკეტებში გაითვალისწინებენ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დაავალა, მოამზადოს ახალი გადაწყვეტილებები შესაბამის საჩივრებზე, რომლებიც ეხება რუსულ პროპაგანდასა და სამხედრო წარმოებაში ჩართულ სუბიექტებს, ასევე კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ.

„ჩვენ ასევე სანქციებით ვუპასუხებთ რუსეთის მიერ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რა თქმა უნდა, რუსეთის სანქციები რეალურ პრობლემებს არ ქმნის, მაგრამ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, ჩვენთან ერთად, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ომის დასასრულებლად, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ესკალაცია სათანადო და ხელშესახებ რეაგირებას იმსახურებს“, - დაასკვნა ზელენსკიმ.