Loading data...
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ფინანსურ სექტორს, ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს კომპონენტებით ამარაგებენ და რაკეტებსა და დრონებს აწარმოებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს. 

მან აღნიშნა, რომ შაბათს, 7 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი დრონისა და სხვადასხვა ტიპის თითქმის 40 რაკეტის გამოყენებით კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელა.

„ამ იარაღის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უცხოური კომპონენტების გარეშე, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლით კვლავ იღებენ. და სწორედ ამ კომპანიების - კომპონენტების მიმწოდებლებისა და რაკეტებისა და დრონების მწარმოებლების - წინააღმდეგ ვაწესებთ ახალ სანქციებს. შესაბამის გადაწყვეტილებებს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე განკარგულებით სანქციები დაწესდა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. ამ სიაში შედიან კომპანიები, რომლებიც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის კომპონენტების მისაწოდებლად იხდიან.

„სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის კრიპტობაზრისა და მაინინგის მხარდამჭერი სტრუქტურების წინააღმდეგ. ამ ზომებიდან ზოგიერთი შევა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა“, - დასძინა ზელენსკიმ.

7 თებერვლის შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა. პირველი განკარგულება, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ იყო მიმართული, რუსეთში 24 ფიზიკური და 27 იურიდიული პირის საქმიანობას ზღუდავს. მეორე განკარგულებით სანქციები 42 ფიზიკური და 35 იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესდა.