Loading data...
ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრის მონაწილეებს კრივოი-როგიდან მიმართა და უკრაინისთვის Patriot-ის 10 სისტემის გადაცემისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, კიევი Patriot-ის ათი დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემით გააძლიერონ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებს კრივოი-როგიდან მიმართავდა. მისი თქმით, ქალაქი თითქმის მუდმივი საჰაერო დაბომბვის პირობებში ცხოვრობს, დრონების, ან რუსული რაკეტების გამო.

„ყველაზე საშიში საფრთხე ბალისტიკური რაკეტებია. როდესაც ბალისტიკური საფრთხე ხდება, ადამიანებს თავშესაფრამდე მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორია, ბავშვი ქუჩაში გაუშვა, ან უბრალოდ ქალაქში გაისეირნოთ იმის ცოდნით, რომ რაკეტა შეიძლება გაშვებიდან 5 წუთში ჩამოვარდეს. ეს მუდმივი საფრთხეა“, - განაცხადა მან და გაიხსენა, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ რუსეთმა კრივოი-როგში 19 ადამიანი მოკლა, მათგან ცხრა ბავშვი იყო.

მისი თქმით, უკრაინის მთელ რიგ ქალაქებს რუსული რაკეტებისგან დამატებითი დაცვა სჭირდება.

„თქვენ იცით, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. თქვენ იცით, რომ Patriot-ის სისტემებს შეუძლია, ბალისტიკური საფრთხეებისგან ეფექტურად დაგვიცვას. თქვენ ასევე იცით, რომ იძულებულები ვართ, გადავიტანოთ სისტემები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გვაქვს, რათა სხვადასხვა ქალაქი დროებით მაინც დავიცვათ და იცით, რა ხდება მაშინ, როდესაც ერთი სისტემაც კი მწყობრიდან გამოდის - ეს ნიშნავს დაკარგულ სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სწორედ ამიტომ სთხოვს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეებს, ყურადღება, პირველ რიგში, უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე გაამახვილონ.

„ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება. Patriot-ის ათი სისტემა - თავისუფალ სამყაროს ისინი აქვს. ახლა გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რათა მათ მშვიდობისთვის იმუშაონ. ჩვენ გვჭირდება ეს შედეგი“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.