ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აირჩია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი შეარჩია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
„გადაწყვეტილება მივიღე. ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელობას, ცვლილებები წლის დასაწყისში, ზუსტად წლის დასაწყისში განხორციელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
RBC-Ukraine-ს ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ფედოროვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.
მედიაში ასევე საუბარია პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს კანდიდატურაზე, თუმცა წყაროები მის დანიშვნას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ახლახან დაიკავა.