Loading data...
ზელენსკიმ ორბანი პუტინს შეადარა: ერთადერთი ის არის, რომ ის რაკეტებით არ გვესხმის თავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას შეადარა.

როგორც უკრაინის ლიდერმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, პუტინსა და ორბანს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: ეს უკანასკნელი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ არ იყენებს დრონებს, ან ჯარებს, მაგრამ მხარდაჭერას ბლოკავს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორბანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბლოკავს მოსკოვის წინააღმდეგ ყველა სანქციას, რაც ხელს უშლის იარაღის ტრანზიტს უნგრეთის გავლით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

„ის ბლოკავს ფულს, ბლოკავს იარაღს, ბლოკავს ჩვენს გზას ევროკავშირისკენ, ჩვენი ცხოვრების გზას. ის ასევე ავრცელებს რუსულ ნარატივებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როდესაც ზელენსკის დამატებით ჰკითხეს, არის თუ არა ორბანი პუტინის მოკავშირე, მან უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთის ლიდერის მხარესაა. ის იგივეს აკეთებს - ყველაფერს ბლოკავს უკრაინისთვის. ერთადერთი, რასაც ის დღეს არ აკეთებს, არის ის, რომ არ ესხმის თავს ჩვენს ტერიტორიებს რაკეტებით, ან დრონებით და არ გზავნის თავის ჯარისკაცებს“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ჯერ არ არის კონტაქტზე ორბანთან, თუმცა შეხვედრაზე მოწვევა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მეშვეობით გადასცა, რომელთანაც 27 თებერვალს ისაუბრა.

„მე ის დავპატიჟე და მან [ფიცომ] მითხრა: „დიახ, თარიღი უნდა დავნიშნოთ“ და შემდეგ გაუჩინარდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, შეხვედრა შეიძლება ორმხრივ, ან სამმხრივ ფორმატში გაიმართოს, თუმცა კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არსებობს.