ზელენსკიმ ომში დაღუპული ჟურნალისტები მედლებით დააჯილდოვა
რადიოს, ტელევიზიისა და კომუნიკაციების მუშაკთა დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ ორდენები გადასცა ფრანგ ჟურნალისტ ანტონი ლალიკანს და უკრაინელ ფოტოგრაფ კონსტანტინ გუზენკოს.
როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნული, ორდენების მინიჭება ხორციელდება „უკრაინაში ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და კომუნიკაციების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოვლენების გაშუქებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, ასევე მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის“.
„ჰანს ლუკასის“ სააგენტოს ფრანგ ჟურნალისტს ანტონი ლალიკანს სიკვდილის შემდეგ მესამე ხარისხის დამსახურების ორდენი გადაეცა. ანალოგიური ორდენი მიიღო დაღუპულმა ფოტოგრაფმა კონსტანტინ გუზენკომ.
ტელეარხ Freedom-ის თანამშრომლები ელენა გუბანოვა და ოპერატორი ევგენი კარმაზინი ასევე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ დამსახურების მესამე ხარისხის ორდენით. გარდა ამისა, სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს Kyiv Independent-ის ჟურნალისტმა ალექსანდრ კოლიჩევმა და ფოტოგრაფმა გრიგორი ივანჩენკომ, რომლებიც რუსული დრონებით მძიმედ დაიჭრნენ.
კიდევ რამდენიმე უკრაინელი და უცხოური მედიის თანამშრომელი დაჯილდოვდა მესამე ხარისხის დამსახურების ორდენით. მათ შორისაა Telegraph-ის ფოტოგრაფი იან დობრონოსოვი, ხოლო Radio ROKS-ის წამყვანს ნატალია სოტნიკს მესამე ხარისხის პრინცესა ოლგას ორდენი მიენიჭა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ფრონტზე მედიის 135 წარმომადგენელი მოკლეს. მათ შორის არიან როგორც უკრაინელები, ისე დასავლეთის სხვა ქვეყნების ჟურნალისტები.