Loading data...
ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ თანმიმდევრულად და ღიად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ეს პოზიცია ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს უცვლელი რჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ თანმიმდევრულად და ღიად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ეს პოზიცია ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს უცვლელი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ნატოს საკითხს, აშშ-ს არ სურს ჩვენი ნატოში ხილვა. და ისინი ამის შესახებ ღიად საუბრობენ. ეს არ არის ვინმეს ვარაუდი. დღევანდელი აშშ და გუშინდელიც. ადრე არ გვაძლევდნენ ნატოში მოწვევას, არ გვაძლევდნენ კონკრეტულობა და ეს პოზიცია არ შეცვლილა. ეს არის შეერთებული შტატების თანმიმდევრული პოზიცია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სწორედ ამგვარი პოზიციის გამო, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის აზრით, ამერიკელებს არ უჭირთ რუსებთან მოლაპარაკება ამ საკითხზე.

ამავდროულად, ზელენსკიმ ივარაუდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შეიძლება არსებობდეს ცალკეული შეთანხმებები, რომელთა დეტალები უკრაინული მხარისთვის უცნობია. მან მიანიშნა, რომ გეოპოლიტიკური ვაჭრობის სრული სურათი, შესაძლოა, მხოლოდ მოგვიანებით გახდეს გასაგები.