Loading data...
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მოლაპარაკებებში ფაქტობრივად რუსეთის მხარეს წარმოადგენენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსულ მხარესთან პირდაპირი დიალოგი არ აქვს, თუმცა მას ფაქტობრივად ამერიკელები წარმოადგენენ. ამის შესახებ მან ბერლინში მიმავალ გზაზე ჟურნალისტებთან ონლაინ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსულ მხარესთან. ამერიკულ მხარესთან დიალოგში კი, ასე ვთქვათ, ისინი წარმოადგენენ რუსულ მხარეს, რადგან ისინი განიხილავენ მათ სიგნალებს, მოთხოვნებს, ნაბიჯებს, მზადყოფნას, ან მის არარსებობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მხარე, თავის მხრივ, აშშ-სთან განიხილავს არა მხოლოდ უკრაინა-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ „რუსების მხრიდან მომდინარე სიგნალებზე ჩვენს რეაგირებასაც“.

„ამიტომ რუსულ მხარესთან კომპრომისებთან დაკავშირებით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამერიკა ზეწოლას მოახდენს, თუ ჩვენი პარტნიორები ზეწოლას მოახდენენ და თუ ამერიკას სურს ამ ომის დასრულება ისე, როგორც დღეს აჩვენებენ, მაღალ დონეზე, ვფიქრობ, რომ „რუსები“ კომპრომისზე უნდა წავიდნენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.