Loading data...
ზელენსკიმ ერმაკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შემადგენლობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შემადგენლობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებულებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ბრძანებულებები No901/2025 და No902/2025 ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შემადგენლობაში ანდრეი ერმაკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიება გახმაურებულ საქმე „მიდასს“ უკავშირდებოდა, რომელიც „ენერგოატომში“ მასშტაბურ კორუფციულ სქემას ეხება.

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს შიდა სიძლიერე და ყურადღება თავდაცვის გარდა არაფერზე არ უნდა იყოს გადატანილი. ამიტომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატვირთვა გადაწყვიტა. კერძოდ, ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 

რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ერმაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ზელენსკის ჯერ არ დაუნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი. 4 დეკემბერს მან განაცხადა რომ გადაწყვეტილება „უახლოეს მომავალში“  გამოცხადდება.