ზელენსკიმ დამატებით სანქციები დაუწესა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის აგრესიასთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ.
პრეზიდენტის განკარგულებებით, შეზღუდვები დაუწესდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის აგრესიასთან.
ზელენსკის ერთი განკარგულება ითვალისწინებს კანადის მიერ 2025 წელს დაწესებულ სანქციებთან უკრაინის შემზღუდავი ზომების სინქრონიზაციას. ამ განკარგულებით, სანქციები დაუწესდა 139 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კიდევ ერთი განკარგულებით, „შავ სიაში“ მოხდა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე, რომლებიც საოკუპაციო ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უწევენ დახმარებას.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, სანქციები დაუწესდათ პუტინის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს – ლუდმილა და არტურ ოჩერეტნებს, პუტინის ბიძაშვილს მიხაილ პუტინს, პუტინის ქალიშვილის ყოფილ ქმარს იგორ ზელენსკის და კრემლთან დაახლოებულ სხვა პირებსა და ბიზნესმენებს. ასევე, შეზღუდვები შეეხო კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელ კომპანია „არნესტს“, ლუდის კომპანია „ბალტიკას“, ენერგოკომპანია „იუნიპროს“ და სხვა კომპანიებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ, ვინც რუსეთის ომს და ოკუპაციას მხარს უჭერს, საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს რეალური ზეწოლა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების სინქრონიზაციისთვის, რომ ოკუპანტების არცერთი თანამზრახველი არ გაექცეს პასუხისმგებლობას.