ზელენსკიმ დაადასტურა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ტრამპთან შეხვედრას გამართავს

გაეროს გენერალური ასამბლეის კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვით განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია სხვა მრავალი დიპლომატიური ღონისძიება. ზელენსკიმ დასძინა, რომ პირველი შეხვედრები ორშაბათს, 22 სექტემბერს, გაიმართება.
„გეგმაში უკვე ორი ათეული შეხვედრაა დაგეგმილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ყველასთან, ვინც დიდი ხანია, მხარს უჭერს უკრაინას და ვინც ჩვენს ახალ პარტნიორებს შორისაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე დააანონსა უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე სამიტის ჩატარება ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ამ კვირამ მსოფლიო ძლიერი მოქმედებისკენ განაწყოს.
„რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება - სამიტი ამ მხრივ ნამდვილად გლობალურია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირამ მსოფლიო შთააგონოს ძლიერი ქმედებებისკენ - ძალის გარეშე მშვიდობა ვერ დაისადგურებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.