Loading data...
ზელენსკიმ ბუდანოვს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა შესთავაზა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Telegram-ზე გამოაქვეყნა. 

მან ბუდანოვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც მას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა.

„უკრაინამ ახლა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვის ძალების განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ ამოცანების შესრულებას მოემსახურება“, - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბუდანოვს ამ სფეროებში სპეციალიზებული გამოცდილება და საკმარისი ძალა აქვს შედეგების მისაღწევად.

„ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული ჩარჩო და მისი სამომავლო ნაბიჯები“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.