ზელენსკიმ აშშ-ს უკრაინისთვის 30-50 წლით უსაფრთხოების გარანტიები სთხოვა - მედია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 30-50 წლით უსაფრთხოების გარანტიები სთხოვა. ამის შესახებ თავად ზელენსკიმ განაცხადა.
„მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. ვუთხარი, რომ ძალიან გვინდა განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა. ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნულ საკითხზე ზელენსკის უპასუხა, რომ „ამაზე დაფიქრდება“.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში თითქმის ორსაათ-ნახევრის შემდეგ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა მოლაპარაკებებს „შესანიშნავი“ უწოდა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ.