ზელენსკი: ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას
აშშ-მა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, აშშ-ის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინისკენ მიმავალ გზაზე ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ უკრაინის სურვილი თავიდანვე ნატოში გაწევრიანება იყო. პრეზიდენტის თქმით, ეს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს წარმოადგენდა.
„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში, მხარი არ დაუჭირა ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები, კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის და ევროპელი კოლეგების უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის, ასევე, სხვა ქვეყნების: კანადის, იაპონიის და ა.შ. - ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან უკვე კომპრომისია.