ზელენსკი ჟენევის მოლაპარაკებებზე: სამ მხარეს ტერიტორიებთან დაკავშირებით სამი განსხვავებული პოზიცია აქვს
ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მუშაობდა ორი ჯგუფი - სამხედრო და პოლიტიკური. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამხედრო ჯგუფში დელეგაციის წარმომადგენლებმა ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები განიხილეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
„პოლიტიკურ ფრონტზე საქმე უფრო რთულადაა. ჩვენ ერთნაირი შეხედულებები არ გვაქვს. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამი განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვეცადეთ, ძალიან კონსტრუქციული ვყოფილიყავით“, - დასძინა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ევროპელები აღიარებენ, რომ რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მან დასძინა, რომ დელეგაციების შემდეგი შეხვედრა ასევე შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც უჭერს მხარს აშშ-ის იდეას, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ ბრძოლის ველზე უნდა იყოს მიღწეული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარება.