ზელენსკი: უკრაინისთვის Mirage-ის ტიპის დამატებითი ავიაგამანადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით Mirage-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ მან Telegram არხზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვირაში უკრაინამ შეძლო გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასთან მიახლოება.
„მინდა, ცალკე მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Mirage-ის ტიპის დამატებითი ავიაგამანადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვაში, ასევე რაკეტებით და დრონების გადამჭრელი სისტემების წარმოებაში. მადლობა ამისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ის ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერს და სხვა ევროპელ პარტნიორებს „პეტრიოტებთან“ დაკავშირებით. მისივე თქმით, PURL-ის პროგრამას, რომლის მიზანია უკრაინის საჭიროებებისთვის შეერთებული შტატებისგან იარაღის შეძენა, კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა.
„ასევე მიღებულია ახალი გადაწყვეტილებები PURL-ის პროგრამაში ფინეთისა და ესპანეთის შენატანებთან დაკავშირებით. ეს არის ამერიკული იარაღის შეძენის პროგრამა, მათ შორის Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების. ჩვენ ამაზე გულმოდგინედ ვმუშაობთ. ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები ევროპელებთან ასევე გულმოდგინედ მუშაობს; ჩვენ ვავითარებთ ახალ პროექტებს - იქნება მეტი იარაღის ერთობლივად წარმოება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.