Loading data...
ზელენსკი: უკრაინის ტერიტორიაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს გადარჩენა გვჭირდება

უკრაინის ტერიტორიაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ხალხი და სახელმწიფო უნდა გადაარჩინოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, რონალდ რეიგანის ინსტიტუტში შეხვედრაზე განაცხადა.

 „როდესაც ტერიტორიებზე საუბრობთ, უნდა გესმოდეთ, რომ, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს გადარჩენა გვჭირდება. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი ქვეყანა, არ გვაქვს ასეთი ქოლგა. ჩვენ გვჭირდება, რომ პუტინი დამარცხდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა უკრაინის მიზანი აღიდგინოს კონტროლი 1991 წლის საზღვრებში. 

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიწაზე ოკუპანტების ყოფნა ნებისმიერ შემთხვევაში გაყინულ კონფლიქტს ნიშნავს და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაესხმება ისევ თავს პუტინი უკრაინას. 

ზელენსკიმ დასძინა, რომ ომის შეჩერების საუკეთესო გზა არის გეგმის მომზადება და მეორე სამშვიდობო სამიტის ორგანიზება უახლოეს თვეებში: „რათა ომის შესაჩერებლად მსოფლიომ პუტინზე ზეწოლა მოახდინოს”.