Loading data...
ზელენსკი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს მოლაპარაკების მაგიდიდან არ მოვხსნი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს არ იტყვის. ამასთან, მან ალიანსის წევრები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის კურსს მიჰყვებიან. 

„არ მჯერა უსაფრთხოების გარანტიების ამერიკის გარეშე. ის უბრალოდ სუსტი იქნება. მაგრამ ამერიკა არ იძლევა გარანტიებს, თუ ევროპის საკუთარი გარანტიები არ იქნება ძლიერი. მე არ მოვხსნი უკრაინის ნატოში წევრობის საკითხს [მოლაპარაკებების] მაგიდიდან“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე გავლენიანი წევრი პუტინია, რადგან მისი ახირება ბლოკავს ნატოს გადაწყვეტილებებს.

„და ეს იმისდა მიუხედავად, რომ სწორედ უკრაინულმა არმიამ შეაჩერა რუსეთი და არა - ნატოს ქვეყანამ, არა ნატოს ჯარებმა, არამედ მხოლოდ ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა არმიამ. ამ ომში უკრაინის მხარეს არ იბრძვიან უცხოური ჯარები. მაგრამ პუტინმა ამ ომში თითქმის 250 000 ჯარისკაცი დაკარგა, 610 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა“, - განაცხადა ზელენსკიმ.