ზელენსკი: უკრაინელებმა ახლო აღმოსავლეთში ირანული „შაჰედები“ ჩამოაგდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში აჩვენეს, თუ როგორ ჩამოაგდეს უკრაინულმა გამანადგურებლებმა ირანული „შაჰედის“ კლასის მოიერიშე დრონები, მათ შორის რეაქტიული ძრავების მქონე დრონები. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთში გავგზავნეთ ჩვენი სამხედრო ექსპერტები, კერძოდ, დრონების გამანადგურებლებისა და რადიოელექტრონული ომის ექსპერტები. ზოგიერთ ქვეყანას ვაჩვენეთ, თუ როგორ უნდა ემუშავათ გამანადგურებლებით. გავანადგურეთ ისინი? დიახ, გავანადგურეთ. გავანადგურეთ ისინი ერთ ქვეყანაში? არა, რამდენიმეში. და ეს, ჩემი აზრით, წარმატებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არ არის სასწავლო მისია, ან წვრთნები, არამედ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის მხარდაჭერა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მუშაობა.
„დიახ, მათ „შაჰედები“ ჩამოაგდეს და ეს ძალიან კარგია. ჩვენმა ექსპერტებმა შეძლეს, სწრაფად მიეცათ რჩევები იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენთვის გახსნეს, თუ როგორ გაეძლიერებინათ მათი სისტემები. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ჩვენ მათ პირდაპირ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება თავდაცვაში“, - განმარტა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამ ყველაფერს ძალიან დადებითი შედეგი მოჰყვა და ეს უკრაინის მიმართ პატივისცემას ზრდის.
„ჩვენ ასევე ჩამოვაგდეთ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონები. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიგნალია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მუშაობს. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ მასობრივად გამოვუშვებთ ისეთ გამანადგურებლებს, რომლებსაც რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების განადგურება შეეძლებათ“, - დასძინა ზელენსკიმ.